მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში მოიწვია

ქ. ვენაში, 2016 წლის 3 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი,  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ტურიზმის ადმინისტრაციისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა, ასევე 9 ქართულმა კომპანიამ, ხოლო ფორუმს ავსტრიული მხრიდან ესწრებოდა 54 კომპანიის წარმომადგენელი.

მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში. მან სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და   ავსტრიელ ბიზნესმენებსა და სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბიზნეს-გარემო გააცნო.

მინისტრმა, ისაუბრა საქართველოს მთავრობის  რეფორმების პაკეტზე,  რომელიც ითვალისწინებს განსახორციელებელ ღონისძიებათა 4 ძირითად ბლოკს: ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება (საგადასახადო კანონმდებლობისა და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა); ღია მმართველობისა და ჩართულობის განვითარება; ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნა და საგანმანათლებლო რეფორმა.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი დერეფნის ისტორიულ როლზე. ამ კონტექსტში, მან „ახალი აბრეშუმის გზის“, „აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზისა“ და „ანაკლიის ღრმაწყლოვანი  პორტის“ მშენებლობის პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით,  სატრანსპორტო პროექტების გარდა, საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა ენერგორესურსების დივერსიფიცირებისა და ევროპისთვის ახალი ენერგო რესურსების მიწოდების  თვალსაზრისითაც.

მიხეილ ჯანელიძემ თავის გამოსვლაში  ხაზი გაუსვა საქართველოში ისეთი მიმართულებების განვითარებას, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნია, კერძოდ, მან  ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა და სხვა.

გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში მიიწვია და მათ საქართველოსთან მჭიდრო კავშირების განვითარება უსურვა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა, ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცისა საქართველოს ენერგოსექტორში არსებული მდგომარეობის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა ენერგორესურსების დივერსიფიცირებისა და ევროპისთვის ახალი ენერგო რესურსების მიწოდების  თვალსაზრისით. ამასთან, საინვესტიციო სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები სექტორების მიხედვით.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ღონისძიებაში მონაწილე ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მოისმინა ბიზნესმენთა სურვილები და მიზნები ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობის კუთხით და სამინისტროს სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა მათ ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით დახმარებას დაპირდა.

ბიზნეს ფორუმის დასრულების შემდგომ ქართულმა კომპანიების წარმომადგენლებმა სფეროების მიხედვით ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები (B2B Meetings) გამართეს ავსტრიული შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებთან.