მიხეილ ჯანელიძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

24.12.2016 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრო და ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა.

„ვულოცავთ  ებრაელ ხალხს და  ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

„ჩვენ ძალიან დიდი ხნის, საუკუნეების მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება. ისრაელიდან ჩამოსულია ძალიან დიდი დელეგაცია, როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო, კულტურის და ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ მათთან ერთად ავღნიშნავთ ამ დღესასწაულს, ავღნიშნავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან დიდ პროგრესს, როგორც კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე პოლიტიკურ ურთიერთობებში“- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.​

ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ სპეციალურ კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ისრაელის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ციპი ხოტოველის და ქნესეთის წარმომადგენელთა შემადგენლობით დაესწრო.