მიხეილ ჯანელიძემ ევროკომისიის წარმომადგენლებთან ევროკავშირის დახმარების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

31.01.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორთან ქრისტიან დანიელსონთან და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორთან თომას მაირ-ჰარტინგთან, რომლებიც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოს. 

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „ასოცირების დღის წესრიგის“ და ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო-დოკუმენტის დროულად შემუშავების მნიშვნელობაზე, რაც საქართველოს დაეხმარება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი რეფორმების წარმატებით გატარებაში. ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის დახმარების ფოკუსირებას ქვეყანაში ეკონომიკური მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობაზე, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერასა და პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რაც ეხმიანება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო პროცედურების უმოკლეს  ვადებში დასრულების აუცილებლობას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ შენგენის სივრცეში. შეხვედრაზე აღინიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა, რომლის მიზანია ქვეყანაში ევროკავშირის ჩართულობისა და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული კონკრეტული შედეგების წარმოჩენა. ორივე მხრიდან გამოითქვა მზაობა ამ მიმართულებით ძალისხმევის ინტენსიფიკაციისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისთვის. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სამომავლო პრიორიტეტებზე და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვეს 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტის მნიშვნელობას.   

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება ამ რეგიონებში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრობლემებს, მათ შორის ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის აქტიური ჩართულობისადმი, მათ შორის მონიტორინგის მისიასა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. თავის მხრივ, ევროკავშირის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაცია გეგმავს საოკუპაციო ხაზის მონახულებას სოფ. ხურვალეთში.