მიხეილ ჯანელიძემ ეკონომიკური დიპლომატიის 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

2016 წლის 31 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისათვის პრეზენტაცია გამართა და მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ეკონომიკური დიპლომატიის 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმა გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს ამ მიმართულებით.

მიხეილ ჯანელიძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეკონომიკური დიპლომატია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ორიენტირებულია ხელი შეუწყოს საქართველოში მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, მოწინავე და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციას, ქართული საექსპორტო პროდუქტის ახალ ბაზრებზე გატანას და მათთვის ბარიერების აღმოფხვრას.

მინისტრის განცხადებით სამინისტროს მიერ არჩეული პრიორიტეტის მიხედვით მიმდინარეობს შესაბამისი რეფორმები, რაშიც იგულისხმება საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების გაძლიერებული მუშაობა ამ მიმართულებით.

„ჩვენ გვინდა ვუთხრათ ბიზნესს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი სრული წარმომადგენლობით ყველა ქვეყანაში არის ორიენტირებული, რომ თითოეულ ჩვენ ბიზნესმენს ხელი შეუწყოს ყველა შესაძლო მიმართულებით. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ჩვენი ბიზნესი, როგორც მოზიდული ინვესტიციებით და ტექნოლოგიებით ასევე მათი ექსპორტის ხელშეწყობით და წახალისებით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პრეზენტაციის ფარგლებში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ერთობლივ ინიციატივაზე - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კომერციული ატაშეების მივლინების შესახებ. მინისტრის განცხადებით ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესისთვის საქართველოში არსებული ეკონომიკური და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ჩამოყალიბდება ფორმატი, სადაც მომავალში რეგულარულად მოხდება ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მოსაზრებების გაზიარება და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.

პრეზენტაციის დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინიციატივისათვის და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისა და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენელთა შეხვედრას საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატამ უზრუნველყო.