მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი მიძღვნილ მაღალი დონის შეხვედრაში

22.09.20166 აშშ/ ნიუ-იორკი - გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი მიძღვნილ მაღალი დონის შეხვედრაში -  “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა -  ერთიანი ძალისხმევა ტერორისტული და კრიმინალური დაჯგუფების მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ”.  

ღონისძიება გაიმართა იტალიისა და იორდანიის მთავრობების, ასევე, UNESCO, UNODC და INTERPOL-ის ერთობლივი ინიციატივით და მთლიანად მიეძღვნა კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებს და მსოფლიოს ცხელ წერტილებში ამ მხრივ დღეს არსებულ ვითარებას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ მიმართვაში დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასა და მათი დაცვის აუცილებლობაზე. მისი განცხადებით 2008 წელს რუსეთის აგრესიამ და საქართველოს ტერიტორიების შემდგომმა ოკუპაციამ საფრთხე შეუქმნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ისტორიულ ძეგლებს. 

კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ხორციელდება უხეში სტილისტური ცვლილებები, რაც მიზნად ისახავს  საქართველოსთან კულტურული და ისტორიული იდენტობის ნიშნების აღმოფხვრას. განზრახ ნადგურდება უძველესი ხელოვნების ნიმუშები და მრავალსაუკუნოვანი ქართული მონასტრები. 

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა საქართველოს სახელით მკაცრად დაგმო სირიაში, ერაყში, ლიბიასა და იემენში ტერორისტული დაჯგუფეფების მიერ ისტორიული ძეგლების განადგურება და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებით ვაჭრობა, რაც ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ იქცა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ძალისხმევას. მისი განცხადებით საქართველო აქტიურად მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი მიმართულ საერთაშორისო კამპანიებში და მხარს უჭერს ამ პროცესში ყველა არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტის ეფექტურ გამოყენებას, მათ შორის იუნესკო-ს “Unite4Heritage” ინიციატივას.