მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

06.02.2017, პარიზი - საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან არლემ დეზირთან. 


შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერობების მზარდი დინამიკა. სახელწმიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს, შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომში ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და სხვა მიმართულებით. როგორც სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე აღნიშნა საფრანგეთი დაინტერესებულია საქართველოს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებით. ამ მხრივ შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფრანგული ინვესტიციების გაზრდას. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში უკვე განხორციელებული ფრანგული ინვესტიციების მნიშვნელობა და ის ფრანგული კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის გეგმები, რაც, მათ შორის ქვეყანაში ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას და საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას შეასრულოს ევროპისათვის რეგიონში მნიშვნელოვანი პლატფორმის როლი. 


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. ფრანგულმა მხარემ საქართველოს მიულოცა უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროპარლამენტის გადაწყვეტილება. თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა არლემ დეზირს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. აღინიშნა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მაღალი დონის თანამშრომლობა. ფრანგულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. 

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის პროექტები, რაც ემსახურება ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას, აღინიშნა რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს მთავრობისთვის, რომ ევროინტეგრაციის კონკრეტული ბენეფიტებით ისარგებლოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე.