მიხეილ ჯანელიძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, სებასტიან კურცს შეხვდა

03.02.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, სებასტიან კურცთან. 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და იმსჯელეს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში ეუთო-ს ავსტრიის თავმჯდომარეობის ჩართულობაზე.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და აღინიშნა საქართველოს მიღწევები ამ კონტექსტში. საუბარი ასევე შეეხო  ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
 
ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ამ კონტექსტში, სებასტიან კურცი მიესალმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ძლიერი გზავნილია საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის თვალსაზრისით.