მიხეილ ჯანელიძე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

22.09.2016 აშშ/ნიუ იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა ავღანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან სალაჰუდდინ რაბბანისთან.
 
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. 
 
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გააქტიურებას მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. მინისტრებმა განიხილეს ავღანეთის-თურქმენეთის-აზერბაიჯანის-თურქეთისა და საქართველოს ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განვითარების პერსპექტივები. 
 
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის  არსებული კეთილმეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებაში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლას. 
 
მხარეები შეთანხმდნენ 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიმართოს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი თბილისში. 
 
ავღანეთმა გამოხატა  დაინტერესება, ახლოს გაეცნოს საქართველოში უკანასკნელ წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს ქვეყნის ეფექტური მმართველობის სისტემის დანერგვის მიზნით.
 
ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკანასკნელ პერიოდში ავღანეთში გახშირებულ ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირები და იმედი გამოთქვა,  რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით, ავღანეთს მიეცემა სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში.
 
სალაჰუდდინ რაბბანიმ გულითადი მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ავღანეთის უსაფრატხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილისთვის.