მიხეილ ჯანელიძე: „ასოცირების შეთანხმების შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს“

„ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე აღვნიშნეთ ერთად. 1 ივლისი, როდესაც ძალაში შევიდა და სრულად ამოქმედდა ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის, ის საითკენაც ჩვენ მივისწრაფით დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მივისწრაფით ევროპული ოჯახისაკენ. მივისწრაფით იქეთკენ, რომ ჩვენ შევქმნათ ნამდვილად ევროპული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს, სტანდარტებს და პრინციპებს. ამის საშულებას გვაძლევს ჩვენ ასოცირების შეთანხმება“, - განაცხადა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ თავის გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ასოცირების შეთანხმებამ უკვე მოიტანა პოზიტიური შედეგები როგორც ეკონომიკური, ასევე ინსტიტუციური განვითარების კუთხით,  ჩვენი ევროკავშირთან  პოლიტიკური დაახლოების და სექტორალური  ინტეგრაციის მიმართულებით. „ამ შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს. იზრდება ეკონომიკური აქტივობა ევროკავშირის ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან. იზრდება ინვესტიციები, მათ შორის ექსპორტი. ჩვენ ძალიან დიდი დახმარება გვაქვს ამ მიმართულებით გერმანიის მხრიდან“, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

2016 წლის 1 ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები. შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში რატიფიკაცია ცალსახად წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდაჭერას.