მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდა

თბილისი, 29 აგვისტო 2016 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრები მიიღო.

კონგრესმენებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ფარგლებში არსებულ მჭიდრო  თანამშრომლობას, კიდევ ერთხელ  აღინიშნა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა  საქართველოს ეკონომიკური განვითარების, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.


კონგრესმენების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიმართ აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მტკიცე  მხარდაჭერა. მათი მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების პროცესს.
 
შეხვედრაზე ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და ის მნიშვნელოვანი შედეგები, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში იქნა მიღწეული.  განსაკუთრებით, ხაზი გაესვა მიმდინარე წლის 6 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტს  და აშშ - საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ გაფორმებულ მემორანდუმს.  მხარეებმა ხაზი გაუსვეს  სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას. 
 
კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში შედიან  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტთან არსებული სანაპირო დაცვისა და საზღვაო მიმოსვლის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კონგრესმენი დუნკან ჰანტერი (რესპუბლიკელი - კალიფორნიის შტატი) და აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, კონგრესმენი მარკ სენფორდი (რესპუბლიკელი - სამხრეთ კაროლინა).

საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები ასევე შეხვედრებს გამართავენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებთან. დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე ისინი ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსა და წინასაარჩევნო გარემოს.