მიხეილ ჯანელიძე ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა

2016 წლის 1 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

აღინიშნა ბოლო წლების განმავლობაში სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა.

მხარეებმა დაადასტურეს საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიცირებაზე მზაობა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აქტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულების დიდ მნიშვნელობაზე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის.

მინისტრებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს ის მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და სომხეთის ისტორიულ მეგობრობას და კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

ვიზიტის ფარგლებში, ედვარდ ნალბანდიანი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.