მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს მართავს

4.10.2016 სტრასბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

მთავარი განსახილველი საკითხი ვიზალიბერალიზაცია და მასთან დაკავშირებული პროცედურები იყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის, სოციალისტების ჯგუფის, ასევე ევროპარლამენტის საგარეო და მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტების წევრებთან. შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ევროპარლამენტარებმა მხარდაჭერა აღუთქვეს საქართველოს დარჩენილი პროცედურების წარმატებით დასრულებაში და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ახლო მომავალში შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას.

აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა მათ შორის შეჩერების მექანიზმის ახალ რედაქციაზე, რომლის დამტკიცების შემდგომ იგი გავრცელდება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმში მყოფ ყველა სახელმწიფოზე. ევროპარლამენტარების შეფასებით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა რეგიონში ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებით სამაგალითო პარტნიორია. მათი შეფასებით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში და წარმოადგენს რეგიონში ასოცირების პროცესის წარმატებულ ნიმუშს, რაც სათანადოდ უნდა აისახოს საქართველოსთან შემდგომ თანამშრომლობაზე და ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებაზე.

შეხვედრაზე ევროპარლამენტარები ასევე მიესალმნენ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის დემოკრატიულად მიმდინარეობას და იმედი გამოთქვეს რომ საარჩევნო პროცესი ასეთივე მაღალი სტანდარტებით წარიმართება.

სტრასბურგში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ევროკავშირის საბჭოს მოქმედ თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის სახელმწიფო მინისტრს ივან კოვაკს. შეხვედრაზე სლოვაკეთის მხარემ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირში სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში წარმატებით დასრულდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 3-5 ოქტომბერს ბელგიასა და საფრანგეთს ეწვია. მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში მონაწილეობს ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე ევროპული პოლიტიკის ცენტრის მიერ დაგეგმილ დისკუსიაში აღმოსავლეთ პარტნიორობაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ხვდება ევროპარლამენტარებსა და კოლეგა მინისტრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.