მიხეილ ჯანელიძე სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

2016 წლის  6 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა  სამხრეთ კავკასიის მეცამეტე მედია კონფერენციის გახსნაზე, რომელიც  ეუთო-ს ორგანიზებით ტარდება.
 
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა  ვრცლად ისაუბრა საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით უკანასკნელ წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და აღნიშნა რომ ქვეყანა მზადაა გააუმჯობესოს და გააძლიეროს მედია გარემო მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

„რეფორმების შედეგად, საქართველომ  მედიის თავისუფლების სფეროში შემდგომ პროგრესს მიაღწია, რაც  სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებში აისახება. ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ 2015 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს შორის ლიდერია. ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ქვეყანა სტაბილურ პროგრესს ინარჩუნებს. კერძოდ, 2016 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ, 2015 წელთან შედარებით,  5 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია და ის ახლა 64-ე ადგილზეა; 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს საქართველომ 15 ადგილით წაიწია წინ, ხოლო 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს - 17 ადგილით. მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერად აღიარეს“-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ პლატფორმას და  აერთიანებს საერთაშორისო ექსპერტებს,  ჟურნალისტებს, მთავრობის წარმომადგენლებსა და აკადემიკოსებს, რომელთაც საშუალება ეძლევათ გაცვალონ ინფორმაცია და გაიზიარონ გამოცდილება რეგიონში მედიის თავისუფლების განვითარების კუთხით.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო მოხარულია უმასპინძლოს ამგვარ ღონისძიებებს და მომავალშიც განაგრძობს მედიასთან დაკავშირებული საკითხების მხარდაჭერას.
 
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ეუთოს  წარმომადგენლის ოფისის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან  სამუშაოს ეუთოს რეგიონში მედია თავისუფლების ხელშეწყობის კუთხით.
 
სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ორმხრივი შეხვედრა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, დუნია მიატოვიჩთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან თანამშრომლობის საკითხებს და მედიის კუთხით საქართველოში მიმდინარე პროცესებს.   
 
შეხვედრაზე დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ეუთო-ს სივრცეში და მისი მიღწევები მისასალმებელია.