მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საპატიო კონსულებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულებთან ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საპატიო კონსულებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს საპატიო კონსულებს „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ“ დებულებაში შეტანილი ცვლილებები გააცნეს. ახალი დებულების მიხედვით შეიქმნება საპატიო კონსულების საქმიანობის საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს. ცვლილებები შევიდა, როგორც საპატიო კონსულის შერჩევის წესში, ასევე კონსულთა უფლებამოსილების ვადებში.

მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ამ ინსტიტუციის მნიშვნელობას ქვეყნის პოპულარიზაციის, ინვესტიციების მოზიდვისა და ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით. მიხეილ ჯანელიძემ კონსულებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე წარმატებული რეფორმები და საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციები ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

საპატიო კონსულთა ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატიო კონსულები თურქეთიდან, ლიტვიდან, ფილიპინებიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, ლიბანიდან, სამხრეთ აფრიკიდან და პანამიდან. შეხვედრაზე მიმოიხილეს კონსულთა საქმიანობა, მათ მიერ განხორციელებული პროექტები და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მათი თანამშრომლობის საკითხები. საპატიო კონსულებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყნის ეკონიმიკური, საინვესტიციო, სხვადასხვა დარგობრივი, კულტურულ-სოციალურ სფეროში მიმდინარე პროცესების თაობაზე.

საპატიო კონსულების ინსტიტუტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია არსებობს. საქართველოს საპატიო კონსულები მსოფლიოს 24 ქვეყანაში ჰყავს. აღნიშნული ინსტიტუტი ხელს უწყებს საქართველოსა და მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, ეკონომიკური საქმიანობა, ბიზნეს-პროექტების ორგანიზება და ა.შ.