მიხეილ ჯანელიძე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

2016 წლის 4 მაისს, პრაღაში, ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან.
 
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმების კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.
 
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ეკონომიკური თვალსაზრისით გახსნილ ახალ შესაძლებლობებს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიცირება.
 
შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო რეგიონალურ საფრთხეებსა და გამოწვევებს.
 
მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 
მიხეილ ჯანელიძე და პავლო კლიმკინი შეთანხმდნენ განაგრძონ რეგულარული შეხვედრები და აზრთა ურთიერთგაცვლა ორივე ქვეყნის საერთო, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.