მიხეილ ჯანელიძე ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

22.09.2016 - აშშ/ნიუ-იორკი. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანისთან. 

მიხეილ ჯანელიძემ გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს ხელისუფლების როგორც ინსტიტუციური რეფორმები, ასევე ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო დანიშნულება და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის გეგმები, ჩაიდოს დამატებითი ინვესტიციები მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი განვითარების საქმეში. 

ქართულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოსთან  როგორც დინამიური საინვესტიციო და ბიზნეს კავშრები ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალით მზარდი დაინტერესება. მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს თავიანთ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და აღნიშნეს, რომ მიმდინარე კონფლიქტების მოგვარების უმთავრესი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო სამართლის უნივერსალური პრინციპებისა და ნორმების განუხრელი დაცვა. მხარეები შეთანხმდნენ, ამ კუთხით გააქტიურონ თანამშრომლობა მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში. 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ დიალოგი ურთიერთ ვიზიტების გაცვლის გზით და ხელი შეუწყონ ყურის არაბული სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ბიზნეს და ტურისტული გარემოთი დაინტერესებას.