მიხეილ ჯანელიძე შსს-ს „112“-ის ახალი ცენტრის გახსნას დაესწრო

25.10.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. რუსთავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის ახალი ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. თბილისისა და რუსთავის ცენტრები პარალელურ რეჟიმში იმუშავებენ და მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ ზარებს 24 საათის განმავლობაში.
 
„112“-ის ცენტრის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
 
პრემიერ მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ცენტრის გახსნა წარმოადგენს მორიგი მნიშნველოვანი მაღალტექნოლოგიური პროგრამის პროექტის განხორციელებას.
 
„112 სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ცენტრის პარალელური გამართული მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება და უზრუნველყოფს თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას.“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
„მოგეხესენებათ „112“-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. შსს-ს ეს დანაყოფი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს, რომლის გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი, რომლის მიზანი თბილისის „112“-ის განტვირთვა და დაზღვევაა.“  - განაცხადა საკუთარ გამოსვლაში შინაგან საქმეთა მინისტრმა.
 
ახალი ცენტრის გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.