მიხეილ ჯანელიძე: „ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერა, რომ საქართველო მალე მიიღებს ვიზალიბერალიზაციას“

„ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერა, რომ საქართველო ძალიან მალე მიიღებს ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ თავის გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ასოცირების შეთანხმებაზე და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯზე, რასაც ჩვენ ველოდებით და რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერა, რომ საქართველო ძალიან მალე მიიღებს ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს პროცესები ევროპარლამენტში, გრძელდება შესაბამისი განხილვები და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება და როგორც ევროპარლამენტი, ისე ევროკავშირის საბჭო, მხარს დაუჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა და ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ დაემსახურებინა ვიზალიბერალიზაცია და გამხდარიყო სანდო პარტნიორი ევროკავშირისათვის. „როდესაც ენერგია იხარჯება იმისათვის, რომ ვალდებულებები შესრულდეს, ამ ვალდებულებებს სჭირდება შესაბამისი შედეგი“.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით საქართველოს 1 ივლისს ეწვია. საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მონაწილეობას მიიღებს  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ეყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალში.