მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტზე მიღებულ კონკრეტულ შედეგებს

„ჩვენ მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტს და  სამიტის ფარგლებში მიღებულ კონკრეტულ შედეგებს“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, სადაც, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. 
 
მიხეილ ჯანელიძის თქმით,  ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე და მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას კიდევ უფრო აძლიერებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავის სამიტი ამ თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.