მიხეილ ჯანელიძე UNESCO-ს მიერ ქართული ანბანის მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

26.12.2016 თბილისი - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში UNESCO- მიერ ქართული ანბანის მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ - „მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი აღიარება, ჩვენი ქვეყნის, კულტურის, ტრადიციისა და ისტორიის. მსოფლიოს მასშტაბით ეს უკვე მესამე აღიარებაა UNESCO-ს ფარგლებში,  „მრავალხმიანობის“ და „ქვევრით ღვინის დაყენების“ ტრადიციის შემდეგ. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს დიდ კულტურას, ტრადიციებსა და როლს მსოფლიოს მასშტაბით. ამით ჩვენ ვაძლიერებთ  ჩვენს დიპლომატიას, ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენი სუვერენიტეტის, ქვეყნის პოზიციების დამკვიდრების მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე.  ეს არის შედეგი ძალიან ბევრი ადამიანის დაუღალავი და ნაყოფიერი მუშაობისა ქვეყნის შიგნით.  რა თქმა უნდა ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, მაქსიმალურად შევეცდებით ეს შედეგი გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის შემდეგი პოპულარიზაციისთვის.“

სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ,  ენათმეცნიერებმა - მზექალა შანიძემ და ავთანდილ არაბულმა, ასევე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართული ანბანის აღიარების პროცესში გაწეული საქმიანობისთვის.

მიღებაზე გაიმართა წიგნის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ პრეზენტაცია, ასევე წარმოდგენილი იყო ქართული არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის  ორი ძეგლი - ქვევრის ღვინო და ქართული მრავალხმიანობა.

ქართული ანბანის მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება ა.წ. 30 ნოემბერს, UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო, რის შედეგადაც, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა შეტანილ იქნა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ მიღებას   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უმასპინძლა. საღამოს მხარდამჭერები ასევე იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თიბისი ბანკი.