მიხეილ ჯანელიძისა და მიროსლავ ლაიჩაკის შეხვედრა

3.09.2016 თბილისი - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთი უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და იმედს გამოთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთვის საჭირო პროცედურები დროულად დასრულდება.

„მე ძალზე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში პოზიტიურ სიახლეს შეიტყობენ. სლოვაკეთი საქართველოს გვერდით დგას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ - განაცხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან  შეხვედრის დასრულების შემდგომ. 

საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქ. ბრატისლავაში  ევროკავშირის და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში შედგა.  

მიხეილ ჯანელიძემ და მიროსლავ ლაიჩაკმა  მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა სლოვაკეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის საჭირო პროცედურები უახლოეს მომავალში, სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში დასრულდეს. 

როგორც შეხვედრაზე  მხარეებმა აღნიშნეს  ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან არსებობს ერთიანი შეფასება, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატი და მის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. დადებითად შეფასდა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკის ინიციატივა არაფორმალური მინისტერიალის გამართვის თაობაზე, სადაც ევროკავშირის ლიდერებს და პარტნიორ სახელმწიფოებს საშუალება მიეცათ ემსჯელათ ევროპის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და გაეცვალათ მოსაზრებები შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრისას კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები.