მიხეილ ჯანელიძისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა

10.01.2017 ანკარა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების არსებობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე და მათი რეალიზაციის პროცესში მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
 
ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გააქტიურების აუცილებლობას. ასევე აღინიშნა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობა.
 
​მიხეილ ჯანელიძემ დაგმო უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები და სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა თურქეთის ხელისუფლებისა და თურქი ხალხის მიმართ.
 
თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და ნატო-ს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის ეფექტური განხორციელების მიმართულებით თურქეთის მიერ გაწეული კონტრიბუციისთვის. ​