მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით მომავალი წელი ძალზედ აქტიური იქნება

26.12.2016 თბილისი - ​„მომავალი წელი ძალიან აქტიური იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობებში“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრებთან უწყების ბოლო ორი თვის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები და მომავალ წელს დაგეგმილი მაღალი დონის ერთობლივი ღონისძიებები განიხილა.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისში გაიმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ამისათვის ჩვენ ყველა ერთად ვემზადებით. წლის პირველი ნახევარი ძალიან აქტიური იქნება ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობის. იგეგმება იანვარში ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისია, რომელზეც წარდგენილი იქნება სახელმწიფო მინისტრის მიერ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა და მისი შესრულება, თებერვალში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი, სადაც ჩვენ ასევე მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას და მოთხოვნილი გვაქვს ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, მარტში დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომისიის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ასევე შეაფასებს ჩვენს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა ასევე სხვა ის მნიშვნელოვანი მაღალი დონის ღონისძიებები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმალობაში განხორციელდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებით, მათ შორის საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, სადაც განხილული იქნა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) განხორციელება და ამ პროცესში მოკავშირეების მონაწილეობისა და კონტრიბუციის გაზრდის მიზნით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.
 
„ჩვენ ძალიან პოზიტიური შეფასებები მივიღეთ ნატო-ს გენერალური მდივნისგან ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით, ასევე იმ პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს ნატო-ს მეტ წარმომადგენლობას“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
მინისტრმა მიმოიხილა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გამართული ორმხრივი შეხვედრები და საქართველოს მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
 
როგორც სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით ძირითადი კონცენტრაცია კეთდება 2018 წლის ნატო-ს გაფართოებულ სამიტზე, სადაც საქართველოს პრიორიტეტები იქნება წარმოდგენილი. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით გრძელდება ასევე დიალოგი შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით და ამ მიმართულებით მომავალშიც გაიმართება განხილვები ალიანსსა და საქართველოს შორის ყველა შესაძლო ფორმატში.