მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალგირდას ბუტკევიჩუსთან

ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალგირდას ბუტკევიჩუსმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.  მან უაღრესად დადებითად შეაფასა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება.

ალგირდას ბუტკევიჩუსმა ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რაც საქართველომ აჩვენა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი ახლო მომავალში დასრულდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებით.

ლიტვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიტვა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. დადებითად შეფასდა ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ურთიერთობაში მიღწეული პროგრესი, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდაში, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაში  გამოიხატა.  მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ბიზნეს სექტორში თანამშრომლობის განვითარების მზარდი პოტენციალი და საჭიროა ორმხრივი მუშაობა ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ლიტვური მხარის ინიციატივების გამო, რაც საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს, უმაღლეს განათლებას დაეუფლონ ლიტვაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მეგობარ სახელმწიფოს იმ თანადგომისთვის, რასაც ლიტვა იჩენს საქართველოს განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. თავის მხრივ, ლიტვის პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა  საქართველოში განხორციელებული მთელი რიგი რეფორმები და აღნიშნა, რომ ქვეყანამ აჩვენა დემოკრატიის მაგალითი, როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცესში.

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ლიტვამ მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.