მიხეილ ჯანელიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

08.02.2017 საფრანგეთი, პარიზი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებთან.

დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა მიმოიხილა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა, ის პროგრამები და პროექტები, რომელთა განხორციელებასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს დიასპორის მეტ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და უზრუნველყოს სახელმწიფოს მხრიდან დიასპორის წარმომადგენლების საჭიროებებზე ადეკვატური და დროული რეაგირება.
 
შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებმა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია საფრანგეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, ასევე ისაუბრეს იმ საკითხების თაობაზე, რომელთა მოგვარებაშიც მათ სახელმწიფოს დახმარება და ჩართულობა ესაჭიროებათ.
 
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საფრანგეთში ვიზიტს, მინისტრმა  შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საფრანგეთთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო მიზნები, დიასპორის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობით და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პირობებით. 
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა  მომავალშიც განაგრძოს დიასპორის წარმომადგენლებთან ინტენსიური პირდაპირი კომუნიკაცია. ​