ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

2015 წლის 22 ივლისს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მონაწილეობით.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკთხები, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და საქართელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ რეფორმებში მიღწეული პროგრესი. მათ მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის ოპერაციებში მონაწილეობით.

მუდმივმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და აღნიშნეს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წევრმა ქვეყნებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიური მონაწილება მიიღონ და წვლილი შეიტანონ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს წევრობისთვის მომზადებას უწყობს ხელს.

შეხვედრისას განხილულ იქნა რუსეთს ფეერაციის ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ კერძოდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო რეჟიმებთან რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერით და ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესის გაგრძელებით წარმოქმნილი საფრთხეები და გამოწვევები. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოთქვეს მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული და უკანონო პოლიტიკის გამო. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

ნატო-საქართველოს კომისიის გამართვამდე შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები.