ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში

2015 წლის 29-30 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის განხილვა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმოხილვა და დაგეგმვა.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. ერთობლივ ბრიფინგზე ვერშბოუმ დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები. „ბოლო არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ მომწიფებულ დემოკრატიას და მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, განაგრძეთ ამ მიმართულებით სვლა. ჩვენ ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა თავდაცვის სფეროს, კანონის უზენაესობის თუ მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ასევე საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.  შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვერშბოუმ აღნიშნა, რომ  ქართველმა ხალხმა გააკეთა ევრო-ატლანტიკური არჩევანი - ეს მისი არჩევანია და არავის არ აქვს ჩარევის უფლება. საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ჩვენი სრულფასოვანი მოკავშირე და ეს კარგად ჩანს  ავღანეთის მაგალითზე. 2008 წელს ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი მაშინ, როდესაც სრულად დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს. ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა და არც შეიცვლება - საქართველო გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. საქართველო არის მაგალითი რეგიონისათვის, ის არის უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა, რომელიც ახორციელებს რეალურ რეფორმებს საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ.

ვიზიტის ფარგლებში ალექსანდერ ვერშბოუმ ორმხრივი შეხვედრები გამართა  ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით დონდუამ ალექსანდერ ვერშბოუს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

ვიზიტის მსვლელობისას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მოინახულა არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილი. ალექსანდერ ვერშბოუმ ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში.