ნიუ-იორკში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა

22.09.2016 აშშ/ნიუ-იორკი - გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის გახსნის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, გაიმართა სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ანდრეი გალბურმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა.

სუამ-ის მინისტერიალზე, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის პოლიტიკური და დარგობრივი   ურთიერთქმედების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სუამ-ის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის გამოყენების მიზნით ახალი ინიციატივებისა და პროექტების შემუშავების მნიშვნელობაზე.

მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ, იაპონია) და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან. შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე და ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს.