ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბიორგე ბრენდე სოფელ ხურვალეთს ეწვია

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბიორგე ბრენდე საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.

მინისტრი ადგილზე გაეცნო მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. იგი გაესაუბრა ადგილობრივ მკვიდრს დავით ვანიშვილს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილი ვითარების შესახებ.

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით დაარღვია საერთაშორისო სამართალი, რაც ასევე ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიას“ - განაცხადა ბიორგე ბრენდემ და დასძინა, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა იქნას განხილული.

ვიზიტის ფარგლებში ბიორგე ბრენდე "ამბასადორიალი 2015"-ში მიიღებს მონაწილეობას და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართავს.