„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ყოველკვარტალური ანგარიშის პრეზენტაცია

2015 წლის 1 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ყოველკვარტალური ანგარიშის" პრეზენტაცია. ანგარიში 2015 წლის იანვარ-მარტის პერიოდს მოიცავს. 

აღნიშნული ანგარიში  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით მომზადდა. დოკუმენტი  ეყრდნობა ღია და საჯარო წყაროებს. ანგარიში ინგლისურ ენაზეა მომზადებული და  მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის, იქნება ეს სახელმწიფოები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, რათა გაგრძელდეს და გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგობრობის  რეაგირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარკვევებზე.  
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ეს ახალი პრაქტიკის დასაწყისია. ანგარიში კვარტალში ერთხელ მომზადდება.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების წამებასა და არასათანადოდ მოპყრობაში,  გატაცებასა და უკანონო დაკავებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია ადამიანების გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და ასე შემდეგ.  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების ინსტალაციამ  აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ყოველკვარტალური ანგარიში