პრაღაში ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში მორიგი, რიგით მე-10 შეხვედრა გაიმართა

2015 წლის 15 ივლისს ქ. პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში გაიმართა მორიგი, რიგით  მე-10 შეხვედრა. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ  პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის  ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის  დირექტორის მოადგილე ირაკლი კვანჭახაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე.

შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ა.წ. 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ბანერების აღმართვა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის, ასევე ელემენტარული ადამიანური უფლებების უხეშ ხელყოფას. ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონის სტაბილურობას, სადაც ისედაც ბევრი მოუგვარებელი პრობლემა და გამოწვევაა. ითქვა, რომ ქართული მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით მაქსიმალურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ დიპლომატიურ ბერკეტებს, მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის სრულყოფილ ინფორმირებას, შემდგომში მისი ადეკვატური რეაგირების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს ამგვარი საკითხების განხილვას და ეს წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საგანს, ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა საკითხი ზემოხსენებული ბანერების მოხსნისა და  ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შეჩერების შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარების ერთადერთ ფორმატს.

განხილულ იქნა პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები. კერძოდ, 2011 წელს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის სამოქალაქო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სავარაუდოდ ა.წ. აგვისტოს თვეში გაიმართება  სამმხრივი (ქართულ-რუსულ-შვეიცარული) სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.  შეხვედრაზე  უნდა მოხდეს ამ პროექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების შეჯერება და უნდა შეიქმნას   ერთობლივი კომიტეტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პროექტის  განხორციელებას.    
   
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას. აღინიშნა, რომ 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წელს შემცირდა 8,9%-ით. 2014 წელს ქართულმა კომპანიებმა რუსეთში გაიტანეს 275 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქცია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეს ციფრი შეადგენს 65,8 მლნ აშშ დოლარს. ამასთან, გარკვეული მიმართულებით არის  განსხვავებული ტენდენცია. კერძოდ, საავტომობილო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვა/გადაყვანის კუთხით, წინა წელთან შედარებით, ქართული სატრანსპორტო კომპანიების მიერ შესრულებული რეისების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა. ამ სფეროში ჩართულია 200-ზე მეტი ქართული კომპანია, რომლებმაც 2015 წლის პირველ ნახევარში შეასრულეს 5000-მდე რეისი.

მნიშვნელოვნად გაიზარდა საავიაციო მიმოსვლის მოცულობა, შემცირდა ავიაბილეთების ღირებულება, რაც ხელს უწყობს საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაიზარდა 14,6 %-ით.

განხილულ იქნა ასევე ზოგიერთი ახალი სახეობის ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვების საკითხი.       

პრაღის შეხვედრაზე გადაიდგა ნაბიჯები ზემოხსენებულ სფეროებში არსებული ტექნიკური და სხვა ხასიათის პრობლემების მოგვარების კუთხით.

ამასთანავე, განხილულ იქნა ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან რუსეთში. ამ მხრივ სახეზეა გარკვეული პროგრესი.

რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ პრაქტიკულ ჭრილში განიხილება  საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გარკვეული შემსუბუქების შესახებ, რის თაობაზეც  მომავალში დეტალურად ეცნობება ქართულ მხარეს.

პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.