ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლები მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდნენ

2015 წლის 20 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა  გამართეს მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი დავით დონდუა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 17-18 მარტს დაგეგმილ 31-ე რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოხატა შეშფოთება რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებასთან“ დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ დოკუმენტით რუსეთის ფედერაცია ამაოდ ცდილობს შენიღბოს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, რომელსაც შედეგად გამოიღებს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ დაგეგმილი გაფორმება. აღნიშნულ კონტექსტში ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ძალის მქონე ვალდებულების აღებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას.  

მხარეებმა ასევე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-2 სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგი, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხება. ხაზგასმით აღინიშნა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობა. თანათავმჯდომარეებმა ქართულ მხარეს გააცნეს აფხაზეთის რეგიონში ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგები.  

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და დაადასტურა ფორმატში კონსტრუქციულად მონაწილეობისთვის მზადყოფნა. 

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი