ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლები მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდნენ

2015 წლის 16 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაერო-დან და ეუთო-დან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა.

მხარეებმა განიხილეს 8-9 დეკემბერს დაგეგმილ რიგით 34-ე რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ხაზი გაესვა საკვანძო თემებზე - ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნა, დევნილი მოსახლეობის დაბრუნება - პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას.

ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეების ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების გამალებული მილიტარიზაციის ფაქტებზე. ამასთან, თანათავმჯდომარეებს მიეწოდა ვრცელი ინფორმაცია გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. ქართული მხარის მიერ მკაფიოდ აღინიშნა, რომ განათლების უფლება უნდა იქნას უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპის საფუძველზე. ამასთან, ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებების, გატაცებების და სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამო. აღნიშნულ კონტექსტში აღინიშნა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების გალის მექანიზმის აღდგენის საჭიროება.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დაადასტურა პროცესში კონსტრუქციულად მონაწილეობისთვის მზადყოფნა.