„რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესახებ საქართველოს ანგარიშის განხილვა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ

გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა 2016 წლის 2-3 მაისს ქ. ჟენევაში განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 2 ივლისს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად,  წარდგენილი გაერთიანებული მე-6, მე-7 და მე-8 პერიოდული ანგარიშები.
 
საქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ სხვადასხვა კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები და მას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე.
 
სხდომის დასაწყისში, დელეგაციის ხელმძღვანელმა წარადგინა ინფორმაცია საქართველოს მიერ კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. გამოსვლაში აქცენტები გაკეთდა მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე და ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნა-შევიწროებაზე.
 
ინტერაქტიული დიალოგის ფორმატში და კითხვა-პასუხის რეჟიმში, საქართველოს დელეგაციამ უპასუხა კითხვებს და მიაწოდა დეტალური  ინფორმაცია კომიტეტის წევრებს დასმულ საკითხებზე.
 
განხილვის დროს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ წარადგინა ინფორმაცია საქართველოში კონვენციის შესრულების თაობაზე.
 
ორდღიანმა სამუშაო სხდომამ ჩაიარა ღია დიალოგის რეჟიმში და მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაეცვალათ ინფორმაცია კონვენციის იმპლემენტაციის სხვადასხვა საკითხებზე. განხილვის ტრანსლაცია ხორციელდებოდა პირდაპირ რეჟიმში, რაც დაინტერესებულ მხარეებს აძლევდა საშუალებას თვალი ედევნებინათ პროცესისათვის.
კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას გაწეული სამუშაოსათვის და მიწოდებული ინფორმაციისათვის. განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები. ​