რუმინეთის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო

„რუმინეთი  მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებულ რეფორმებს“ - ნათქვამია „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და  ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ“ განცხადებაში, რომელიც რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა 2015 წლის 24 ნოემბერს მიიღო.
 
კომიტეტი მიესალმება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ელის პოზიტიური პოლიტიკური შედეგის დადგომას ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით; ამ კონტექსტში, კომიტეტი საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელებისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების აუცილებლობაზე  ამახვილებს ყურადღებას.
 
განცხადებაში პოზიტიურადაა შეფასებული ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი, ასევე, ნატო-ს სპეციალური მხარდაჭერის პროგრამა საქართველოსთვის. განცხადებაში ასევე დაგმობილია რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულება,ასევე რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის 2015 წლის 18 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ.
 
რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს გააგრძელონ რეფორმები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია შეუქცევად პროცესად აქციონ.