თამარ ბერუჩაშვილი: „მადლობა რუმინეთს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის“

2015 წლის 13 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბოგდან აურესკუსთან, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია თბილისს.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტს და მასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ამოცანებს. „რიგის სამიტი გახლავთ მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც შეჯამდება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის წარმატებები და გამოწვევები, საქართველოს ამოცანაა, რომ  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის იყოს ევროპული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი.“ - განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე თამარ ბერუჩაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბოგდან აურესკუს ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული “არსებითი პაკეტის” (Substantial Package) განხორციელების პროცესში  აქტიური ჩართულობისა და ასევე, რუმინეთის საელჩოს, როგორც საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მხარდაჭერას ვაფიქსირებთ ევროკავშირის ფარგლებში, მის ყველა წევრ ქვეყანასთან. საქართველო მყარად არის ჩართული ნატო-სთან თანამშრომლობაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ხელს შევუწყობთ, რომ მან მოახდინოს  იმ ვალდებულებათა პაკეტის წარმატებული იმპლემენტაცია, რაც  უელსის სამიტზე იქნა შემუშავებული.“- განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, 2014 წლის ოქტომბრიდან, ბათუმის და კონსტანცას ნავსადგურებს შორის, პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ეს გახლავთ შავი და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ გადადგმული  ნაბიჯი.

როგორც რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა რუმინეთისთვის საქართველო კავკასიის რეგიონში ერთერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუმინეთში ვიზიტის დროს, რომელიც 2015 წლის თებერვლის ბოლოს შედგება.