რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შედეგად შავი ზღვის აუზში არსებული სტრატეგიული სამხედრო ვითარების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია მიიღეს

2015 წლის 11 ივნისს ევროპარლამენტმა ყირიმის ანექსიის შემდგომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის აუზი სტრატეგიულად მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით.

ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და გმობენ რუსეთის მიერ 2014 წლის ნოემბერში აფხაზეთისა და 2015 წლის მარტში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის ფაქტს. მათი თქმით, ე.წ. „ხელშეკრულებები“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევენ ისევე, როგორც რუსეთი არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ჩათვლით.

ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში სამხედრო პოტენციალის მუდმივი ზრდის თაობაზე. მათი თქმით, როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმით სამხედრო ინფრასტრუქტურა, თავისი ფართო ოპერატიული სპექტრით, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა ნატოს არ შეუძლია საქართველოსა და უკრაინის პირდაპირი გზით დაცვა, მისი მორალური ვალდებულებაა ამ ქვეყნების დახმარება, რათა მათ თვითონ შეძლონ თავიანთი თავის დაცვა.

http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-//EP//NONSGML+TA+P8-TA-2015-0232+0+DOC+PDF+V0//EN