რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევები

2008 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ ნ. სარკოზის შუამდგმლობით მიღწეულ ექვსპუნქტიან შეეთანხმებას. მოგვიანებით, პრეზიდენტმა სარკოზიმ გამოსცა კომუნიკე, სადაც ასახულია შეთანხმების სხვადასხვა პუნქტის ის საერთო ხედვა, რომელიც მან ხელმომწერ მხარეებს დოკუმენტთან დაკავშირებით საერთო თანხმობის მიღწევის მიზნით გაუზიარა.

საერთაშორისო თანამეგობრობის უამრავი მოწოდების მიუხედვად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჯერ კიდევ არ არის შესრულებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. რაც შეეხება საქართველოს, იგი აგრძელებს შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულებას, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციების მიუხედავად.

ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება (პუნქტი 3)

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა არ უნდა შეაფერხონ დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები პერმანენტულად აფერხებენ ცხინვალის რეგიონსა და მის გარშემო სოფლებში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას, რის შესახებაც წუხილი გამოთქვა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამაც.

უფრო მეტიც, კონფლიქტის ზონის სამხრეთით განლაგებულ ქართულ სოფლებში არ უშვებენ ეუთოს შეუიარაღებელ სამხედრო დამკვირვებელებს, რომელთა მიზანია ადგილზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგი  და მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ჰუმანიტარულ საჭიროებებთან დაკავშირებით, ანგარიშის წარმოდგენა.…

რუსული საჯარისო ნაწილების გაყვანა მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე (პუნქტი 5)

რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანა საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გულისხმობს მათ დაბრუნებას იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ 6 აგვისტომდე ეკავათ. ეს არის ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის საქართველოს მიერ არაერთხელ დაფიქსირებული პოზიცია. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ ასრულებს ამ მოთხოვნას. არსებული მონაცემებით, დღესაც კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დისლოცირებულია 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი. საომარი მოქმედებების დაწყებამდე რუსეთის ფედერაციას არ უნდა ჰყოლოდა საჯარისო ნაწილები არც ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი და არც აფხაზეთში. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ უნდა ყოფილიყო მხოლოდ 500 კაციანი სამშვიდობო ბატალიონი (პლუს 300 კაციანი რეზერვი), ხოლო აფხაზეთში  - დსთ სამშვიდობო შენაერთი მხოლოდ 2.500-3.000 კაციანი შემადგენლობით. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დაშვებულ ფარგლებს.

აღნიშნული მოთხოვნის სრულად შესრულების მიზნით, რუსეთის ფედერაციამ სრულად უნდა გაიყვანოს სამხედრო (არა-სამშვიდობო) კონტინგენტი ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიდან, და დაუყოვნებლივ გაიყვანოს ყველა საჯარისო ნაწილი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან. აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების შექმნა ასევე ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

რუსი სამშვიდობოების უფლება უსაფრთხოების დამატებითი ზომების განხორციელებასთან დაკავშირებით (პუნქტი 5)

უსაფრთხოების დამატებითი ზომების ხასიათი:

რუსეთის ფედერაცია კვლავაც აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, მას შეუძლია შექმნას მუდმივი საკონტროლო-გამშვები პუნქტები, გათხაროს სანგრები და განახორციელოს სხვადასხვა სახის საქმიანობა, გამომდინარე იქიდან, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს უსაფრთხოების დამატებითი ზომების განხორციელებას. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების დამატებით ზომებს ‘ექნება პატრულირების ხასიათი’ და არა მუდმივი საკონტროლო-გამშვები პუნქტების. ევროკავშირი, აშშ და საქართველო უსაფრთხოების დამატებითი ზომების ხასიათის სწორედ ასეთ საერთო ინტერპრეტაციას იძლევიან.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაციამ უკვე შექმნა 23 მუდმივი საკონტროლო პუნქტი საქართველოს სხვადასხვა ნაწილში, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აშკარა და უხეში დარვევაა.

უსაფრთხოების დამატებითიზომების გეოგრაფიული არეალი:

განსახორციელებელი  უსაფრთხოების დამატებითი ზომების ტერიტორიულ ფარგლებთან დაკავშირებით მიღწეული საერთო თანხმობის შესაბამისად, ამ ზომების გეოგრაფიული არეალი შემოიფარგლება "კონფლიქტის ზონაში ცხინვალის გარშემო რამოდენიმე კილომეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიით". ვინაიდან კონფლიქტის მარეგულირებელი დოკუმენტები ამჟამად არ არსებობს, კონფლიქტის ზონად ითვლებოდა ცხინვალის ცენტრის ირგვლივ 15-კილომეტრიანი ზონა (1992 წლის 12 ივლისის შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ოქმი). აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების ნებისმიერი  დამატებითი  ზომა, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად  უნდა განხორციელდეს აღნიშნული ზონის ფარგლებში. [1]. ამ მხრივ, აბსოლუტურად მიუღებელია და უსამართლოა რუსეთის შეიარაღებული ძალების განლაგება დასავლეთ საქართველოში, ისეთი ქალაქების ჩათვლით, როგორიცაა ფოთი და სენაკი. ამ ზონებში მათი ყოფნა სრულიად უკანონოა და არ ექვემდებარება არანაირ ახსნას. იგივე შეიძლება ითქვას ახალგორის რაიონის შესახებ, რომელსაც ყოველთვის მართავდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. ამჟამად, ახალგორის რაიონი ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ქართველი მოსახლეობა მასობრივად გამოძევებულია. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხემბის შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებული ძალებმა ასევე უნდა დატოვონ ახალგორის რაიონი, ვინაიდან მანამდე ისინი არ იყვნენ იქ განლაგებულნი და რაიონში არ უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების არანაირი დამატებითი  ზომები.

საფრანგეთის პრეზიდენტის კომუნიკეს თანახმად, უსაფრთხოების დამატებითი  ზომები არავითარ შემთხვევაში არ "შეზღუდავენ და არ შეუქმნიან საფრთხეს საქართველოს მთავარი გზებისა და რკინიგზის მთელ სიგრძეზე გადაადგილებისა და ტრანსპორტირების თავისუფლებას". რუსი ჯარისკაცები ამჟამად განლაგებულნი არიან დასავლეთ საქართველოში (ფოთი და სენაკი) მთავარი გზების მთელს პერიმეტრზე, აღმოსავლეთ საქართველოში კი შეზღუდულია გადაადგილება საჩხერეს და გორსა და ახალგორის ჩრდილოეთით განლაგებული სოფლების მიმართულებით. რუსი ჯარისკაცები ხშირად აჩერებენ და ჩხრეკავენ მანქანებს.

აქედან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს კონფლიქტის ზონის გარეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის არც იურიდული და არც პოლიტიკური გამართლება, მათ დაუყოვბელივ უნდა გაიყვანონ თავიანთი ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მანამდე კი ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძირითადი პრინციპი.

საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც შეცვლის რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ განხორციელებულ უსაფრთხოების დამატებით ზომებს (პუნქტი 5)

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, "საერთაშორისო მექანიზმის შემოღებამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით  ზომებს". ზემოაღნიშნული კომუნიკე ასახავს   საერთო თანხმობას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ზომები "იქნება დროებითი ხასიათის, სანამ არ  შემუშავდება ის "საერთაშორისო მექანიზმი", რომლის ძირითადი არსი და მანდატი ამჟამადაც წარმოადგენს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ, ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს, განხილვის საგანს".

ეს ნიშნავს, რომ როგორც კი ეუთოს მონიტორების ან ევროკავშირის მონიტორების კონფლიქტის ზონაში და მის ირგვლივ განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას საბოლოო სახე მიეცემა, რუსეთის სამშვიდობო ძალებს მოუწევთ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების დამატებითი  ზომების განხორციელება. ამჟამად, საქართველოში იმყოფებიან ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები, რომლებიც უკვე შეუდგნენ მუშაობას. ევროკავშირი აპირებს მონიტორების საქართველოში გამოგზავნას. რაც ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯი საერთაშორისო მექანიმზის შექმნის მიმართ უკვე გადადგმულია. ეუთო აწარმოებს მოლაპარაკებებს დამატებითი 80 დამკვირვებლის მანდატის მინიჭების თაობაზე, ამავე დროს ევროკავშირი აზუსტებს დეტალებს 200 დამკვირვებლის განლაგების შესახებ. როგორც კი აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება, რუსეთის სამხედრო ძალები დაკარგავენ თავიანთ უფლებას განახორციელონ "უსაფრთხოების დამატებითი  ზომები".

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოდელის შექმნის თაობაზე საერთაშორისო დისკუსიების დაწყება (პუნქტი 6)

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოდელის შექმნის თაობაზე საერთაშორისო დისკუსიის დაწყების თაობაზე. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი შეუშალა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომავალში ჩასატარებელ განხილვებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების გზით. მგვარად რუსეთის ფედერაცია მოიქცა შეთანხმების სულისკვეთებისა და შინაარსის საწინააღმდეგოდ.

(1) რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ მისი საჯარისო ნაწილები ამჟამად განლაგებულია სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებულ უსაფრთხოების ზონაში (რომელსაც ასევე ბუფერულ ზონად მოიხსენიებს). არ არსებობს არც ერთი ისეთი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის გარშემო უსაფრთხოების ზონის ან ბუფერული ზონის შექმნას. აქედან გამომდინარე, რუსული საჯარისო ნაწილების განლაგება უსაფრთხოების თვითგამოცხადებულ ზონაში მიუღებელია და წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. სხვადასხვა დროს რუსეთის ფედერაცია თავის ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე ამართლებდა ერთობლივი სამშვიდობო ძალების ე.წ. პასუხისმგელობის ყოფილ ზონაზე დაყრდნობით, რომელიც განსაზღვრულია შერეული საკონტროლო კომისიის 1999 წლის ოქმით. ეს პრეტენზია არის შეუსაბამო. მიუხედავად იმისა, რომ 1999 წელს შერეულმა საკონტროლო კომისიამ დაამტკიცა პასუხისმგებლობის ზონის ფარგლები, მას სამშვდობო შეენაერთისთვის ამ ზონაში ოპერირების მიზნით მანდატი არ გაუზრდია. ერთობლივი სამშვიდობო ძალების მანდატი შემოიფარგლებოდა კონფლიქტის ზონით, ხოლო ყველა გადაწყვეტილება ამ ზონაში მოქმედებასთან დაკავშირებით უნდა მიღებულიყო ქართულ, (ჩრდილო-), ოსურ და რუსულ მხარეთა სამშვიდობო ბატალიონების მეთაურთა საერთო გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, რუსეთის პრეტენზია გამოიყენოს შერეული საკონტროლო კომისიის 1999 წლის ოქმი კონფლიქტის ზონის ფარგლებს მიღმა ტერიტორიებზე თავისი ყოფნის გამართლების მიზნით, მოკლებულია რაიმე სამართლებრივ საფუძველს და შეუსაბამოა.