საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 2015 წლის 10 ნოემბერს  საქართველოს  საინვესტიციო და სამეწარმეო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მსხვილი ბერძნული ბიზნეს-ჯგუფების ხელმძღვანელები და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები, საბერძნეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი კონსტანტინოს მიხალოსი და საბერძნეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  დიმიტრის მარდასი.

ქართული მხრიდან საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  მიხეილ ჯანელიძემ ბერძნული ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კომპონენტის ამოქმედების შემდგომ არსებულ შესაძლებლობებზე.   ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა 2016 წლის პირველ ნახევარში საბერძნეთის ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლოს.