საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის ბრიფინგის ჩანაწერი

თქვენთვის უკვე ცნობილია იმ მძიმე მოვლენების შესახებ, რაც დღეს გალის რაიონში განვითარდა არჩევნებთან მიმართებაში, სადაც მასობრივად დაირღვა ქართული მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება. უფრო მეტიც, სოფელ ხურჩაში მოხდა მძიმე დანაშაული, კერძოდ, ადგილობრივი დროით 14.40 საათზე განხორციელდა თავდასხმა გალის რაიონის მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე.

რამდენადაც გზები ჩაკეტილი იყო აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ, მშვიდობიანმა მოსახლეობამ ფეხით გაიარა საკონტროლო გამშვები პუნქტი და ს.ხურჩასთან დაიწყეს ჩასხდომა ორ ავტობუსში.

ავტობუსებში ჩასხდომისას აფხაზური გამშვები პუნქტის განლაგების მომართულებიდან მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს ნაღმტყორცნებიდან და ავტომატური იარაღიდან. სავარაუდოდ, თავდასხმა გახორციელდა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ. ერთ-ერთი ავტობუსი აფეთქდა, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი ქალბატონი მძიმედ. დაჭრილები გადაყვანილნი არიან ქ.ზუგდიდის საავადმყოფოში.

ბუნებრივია, ეს ფაქტები უკიდურესად აღმაშფოთებელია, განსაკუთრებით ამ კონტექსტსა და ამ ვითარებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, მინდა ძალიან მკაცრად მოვითხოვო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებენ დღეს სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში, რატომ არ ახორციელებენ ისინი მანდატით დაკისრებულ მოვალეობებს, რომლის საფუძველზე, სამართლებრივი თვალსაზრისით, ისინი იმყოფებიან ამ ტერიტორიაზე, რატომ არ იცავენ ქართულ მოსახლეობას გალის რეგიონში ფიზიკური ანგარიშსწორებისაგან და რატომ არ აძლევენ მათ უფლებას, შესაძლებლობასა და გარანტიას, რომ განახორციელონ მოქალაქის ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური უფლება - მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს მთელი სიმკაცრით გმობს და ელის შესაბამის პასუხს როგორც კოლეგებისგან, ისე რუსი მშვიდობისმყოფელებისგან.

 2008 წლის 21 მაისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი