საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ვენაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ვენაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
 
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ვენაში ვიზიტით მყოფი საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ავსტრიის სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლები, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლები, ქ. ვენაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, ასევე ბიზნეს ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  განსაკუთრებით აღნიშნა  საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამ მიმართულებით წლების განმალობაში ავსტრიის უპირობო მხარდაჭერის მნიშვნელობას. თავის გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება ასევე გაამახვილა ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობის  შედეგებზე.
 
“მტკიცედ გვწამს, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მდგრად უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოუტანს. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ევროპულ სახელმწიფოებთან მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ავსტრიის რესპუბლიკა, უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
მოწვეულ სტუმრებს  სიტყვით  მიმართა ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურმა მდივანმა მიხაელ ლინჰარტმა.  მან მაღალი შეფასება მისცა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში და დააფიქსირა ავსტრიის ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტიტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2016 წლის 1-3 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება. მან შეხვედრები გამართა ეუთო-ს ფარგლებში და მონაწილეობა მიიღო ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაში. მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ავსტრიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.