საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

26.10.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე შეხვდა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კაი კაარელსონს.

მინისტრის მოადგილემ და ელჩმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის სამაგალითო მეგობრობა არსებობს და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ესტონეთის მხარდაჭერას როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, აგრეთვე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. მხარეები მიესალმნენ ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების აქტიურ დინამიკას, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე. ელჩი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, რის შესახებ მინისტრის მოადგილემ მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. კაი კაარელსონმა დაადასტურა, რომ ესტონეთი მზად არის, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის იმპლემენტაციის პროცესში, არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს  საქართველოს. მან იმედი გამოთქვა, რომ მოკლე დროში იქნება მიღებული ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება. მინისტრის მოადგილე მიესალმა  2017 წლის მეორე ნახევარში ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას და წარმატებები უსურვა ესტონურ მხარეს თავმჯდომარეობის პერიოდში დასახული მიზნების მიღწევაში.