საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

28.12.2016 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კაი კაარელსონთან.   

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და ელჩმა ისაუბრეს საქართველოსა და ესტონეთის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის 2017 წელს დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის უპრეცენდენტოდ დინამიური თანამშრომლობა არსებობს სხვადასხვა სფეროში და ესტონეთი, საკუთარი გამოცდილების გაზიარების გზით, ექსპერტულ დახმარებას უწევს საქართველოს, რაზეც მინისტრის მოადგილემ ელჩს მადლობა გადაუხადა. ასევე აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.  ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე და ამ კუთხით ხაზი გაესვა ესტონური მხარის ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში რეფორმების განხორციელების საქმეში.

შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები.  ხაზი გაესვა სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით არსებულ პროგრესს. ესტონეთის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობას.  ასევე განხილული იქნა  2017 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის საბჭოში  ესტონეთის თავმჯდომარეობა, მისი პრიორიტეტები  და ამ პერიოდში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები.