საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ გურგენიძემ ქ. სალონიკში შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ გურგენიძემ საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში 3-5 ივლისს შეხვედრები გამართა ქ.სალონიკში. მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს საქმიანობას, ასევე შეხვდა სალონიკში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მინისტრის მოადგილემ მათ კიდევ ერთხელ გააცნო, შექმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე საბერძნეთის რესპუბლიკაში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის წესი, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საბერძნეთის ოფიციალურ პირებთან გამართული შეხვედრების შესახებ. თავისმხრივ დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს გააცნეს მათ წინაშე არსებული საჭიროებები. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა არსებული ვითარების გათვალიწინებით დიასპორული ორგანიზაციებისა და გენერალური საკონსულოს რეგულარული შეხვედრების თაობაზე.

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ქ. ათენშიც. ვიზიტის მიზანი იყო ქვეყანაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა და შექმნილი ფინანსური შეზღუდვების გათვალისწინებით საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.