საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ იუნესკოს გენერალური კონფერენციის 38–ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

2015 წლის 3 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე, ქ. პარიზში ტარდება იუნესკოს გენერალური კონფერენციის 38–ე სესია, რომლის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ხათუნა თოთლაძის  ხელმძღვანელობით.

6 ნოემბერს, ზოგადი პოლიტიკური დებატების (General Policy Debates) ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელების სიტყვით გამოსვლას, მინისტრის მოადგილემ მიმართა გენერალური კონფერენციის მონაწილეებს. გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იუნესკოს შორის  არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. ასევე ხაზი გაესვა „მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030“-ის მნიშვნელობას და დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საქართველოს იუნესკოსთან და ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე და კვლავ მიმართა იუნესკოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძეგლების მდგომარეობის შემფასებელი მისიის მივლინების თაობაზე.

ამავდროულად, 4 ნოემბერს ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა, რომლმაც დაამტკიცა განათლების მსოფლიო ფორუმის მიერ შემუშავებული, „განათლება 2030 წლისთვის“ სამოქმედო გეგმა.  ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქ-ნი თამარ სანიკიძე. მან ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე „ეფექტური საგანმანათლებლო სტრატეგია ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისთვის“ (Effective Educational Strategies for Preventing Violent Extremism).

იუნესკოს გენერალური კონფერენციის 38–ე სესია, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ღონისძიებებთან ერთად დაგეგმილია არჩევნები ორგანიზაციის მმართველ და დამხმარე ორგანოებში, ოფიციალურად დაიხურება 18 ნოემბერს