საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ომის ეროვნული კოლეჯის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა, საქართველოში სტუმრად მყოფ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ომის ეროვნული კოლეჯის მსმენელთა დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა და მისი შემდგომი განმტკიცების პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, ასევე საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, უსაფრთხოების პრობლემებსა და გამოწვევებს,  რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს სტრატეგიული კომუნიკაციის კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობა და აუცილებლობა, განსაკუთრებით ბოლო დროს გაზრდილი, გარე ძალების მიერ ინსპირირებული, აგრესიული ანტი-დასავლური პროპაგანდის კონტექსტის გათვალისწინებით.  

შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლისა და ფუნქციის გაზრდის პერსპექტივები, მათ შორის, აშშ-ის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტუმრად მყოფ დელეგაციასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის მსმენელებისაგან შემდგარი დელეგაციები პერიოდულად სტუმრობენ საქართველოს ადგილზე არსებული სიტუაციის გაცნობისა და საქართველოს განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესწავლის მიზნით.