საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში შვედეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

2015 წლის 9 ნოემბერს, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგი გიგიაძესა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში შვედეთის სპეციალურ წარმომადგენელს მარტინ ჰაგსტრომს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს  ევროინტეგრაციის დღის წესრიგის ყველა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორის, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დროულად დასრულებისა და  ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესის მნიშვნელობაზე.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში შვედეთის სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან, კიდევ ერთხელ დადასტურდა შვედეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და  ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.