საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

2016 წლის 11 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე შეხვდა ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს მოდ დე ბურ-ბუკიკიოს.
 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სპეციალურ მომხსენებელს გააცნო ადამიანის უფლებების, კერძოდ ბავშვთა უფლებების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ამ კუთხით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებას ბავშვთა უფლებების დასაცავად.
 
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა გაერო-ს შესაბამის მექანიზმებთან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, სადაც გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების უხეში დარღვევა. ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას. 
 
გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტი საქართველოში 18 აპრილამდე გასტანს. ვიზიტის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი შეხვდება როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს,  მოინახულებს ბავშვთა სახლებს და თავშესაფრებს.