საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა

2015 წლის 1 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ გამართა შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ში აშშ-ს, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ივლისის შემდგომ, ეს არის ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფის პირველი ვიზიტი საქართველოში.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ე.წ. „ბორდერიზაციისა“ და რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის  საკითხებზე. ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედებები სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა დაინტერესება გაიზარდოს ეუთო-ს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში, მათ შორის, საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის გზით, რაც რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ვერ ხერხდება.
 
დავით დონდუა მიესალმა ეუთო-ს, როგორც თანა-თავმჯდომარის მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში. საუბრისას, ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების საპასუხოდ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ძალის მქონე ვალდებულების აღებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. ასევე აღინიშნა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის მნიშვნელობა.

ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფი საქართველოში 4 ნოემბრამდე დარჩება და ამ პერიოდში გამართავს შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან; პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, დაგეგმილია მათი შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებთან, სახალხო დამცველთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
 
ვიზიტის ფარგლებშიმუდმივი წარმომადგენლები გაემგზავრებიან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში და პირადად შეძლებენ ადგილზე არსებული ვითარების შეფასებას. მუდმივი წარმომადგენლები ასევე ეწვევიან წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებას.