საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24.10.2016 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ჰაიკე ფაიჩთან.
 
შეხვედრაზე ელჩი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციითა და საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკით. მინისტრის მოადგილემ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტიური ანექსიის პროცესს, ინტეგრაციის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულებების“ იმპლემენტაციის გზით. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციის პრობლემას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა და უკანონო დაკავებები იწვევს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.
 
მინისტრის მოადგილემ გერმანიის ელჩს გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების კუთხით. ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. დავით დონდუამ ისაუბრა ასევე ნდობის აღდგენის პროცესისა და ამ საქმეში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე.